English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ აგნეჟკა რზეპკა
უცხოური პირდაპირი ინვესტიციები და საერთაშორისო ვაჭრობა ეკონომიკის გლობალიზაციის ასპექტში (პოლონეთის მაგალითი)

გაფართოებული რეზიუმე

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ვითარდება. ყველაზე მნიშვნელოვანია საქონლისა და მომსახურეობის გაცვლა, უცხოური ვალუტის ბაზრებზე ვაჭრობა, კაპიტალისა და შრომის ნაკადები, საერთაშორისო საწარმოო და  პოლიტიკური კოოპერაცია. სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სწრაფი განვითარება, საერთაშორისო ასოციაციებისა და ინსტიტუტების ფორმირება და მათი როლის ზრდა თანამედროვე მსოფლიოსთვის დამახასიათებელ პროცესებს წარმოადგენენ.

პოლონეთის ეკონომიკა უფრო და უფრო ღია ხდება და მასზე სულ უფრო მეტ ზეგავლენას ახდენენ მსოფლიოს ეკონომიკური, ტექნიკური, მეცნიერული და დემოგრაფიული პროცესები. ფაქტორები, რომელიც გადამწყვეტ ზეგავლენას მოახდენენ მასზე გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდი ალბათობით, განაპირობებენ გადასვლას ინფორმაციული ცივილიზაციისა ეპოქაში. ინფორმაციული ცივილიზაციის მთავარი დეტერმინანტებია:  

-         მეცნიერებისა და განათლების როლის გაზრდა;

-         ცოდნის ტრანსფორმაცია საწარმოო რესურსად;

-         საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება;

-         ყველა სექტორის  ფუნდამენტური ტრანსფორმაცია;

-  ახალი პროფესიების გაჩენა, რომელიც მოითხოვს ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გამოყენების უნარ-ჩვევებს.

გლობალური უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მსოფლიო ვაჭრობა, რაც, თავის მხრივ, წარმოქმნის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების როლის, როგორც გლობალური ეკონომიკის „შემკვრელი აგენტის“, სწრაფ ზრდას. გლობალიზაციის გაღრმავებისას უცხოური პირდაპირი ინვესტიციები მეტად და მეტად გამოიყენება იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ გლობალიზაციის შესაძლო მავნე (ნეგატიური) შედეგები და გააძლიერონ მისი დადებითი ეფექტები. უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებზე შეზღუდვების ლიბერალიზაციისას მნიშვნელოვანია, რომ არ წარმოიქმნას სიტუაცია, როდესაც ეროვნული რეგულაციები და ბარიერები შეიცვლება კერძო კომპანიების მიერ წამოყენებული შეზღუდვებით.

ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესები, განაპირობებენ რა საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ტექნოლოგიების ნაკადების ზრდას, რაც იწვევს ბაზრების ინტეგრაციასა და შერწყმას, საერთაშორისო ბიზნესის სპექტრისა და ფარგლების გაფართოებას და  ქვეყნების ურთიერთდამოკიდებულების გაღრმავებას, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ იმ პირობებზე, რომელიც ეკონომიკური პოლიტიკის წარმატებას ხელს უწყობს. გლობალიზაცია ცვლის იმ გარემო პირობებს, რომელშიც ფუნქციონირებენ ეროვნული ორგანიზაციები. ერთი მხრივ, ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მოიცავს სერიოზულ საფრთხეებსაც. სწორედ ამიტომ, როგორც მთავრობებმა, ისე ბიზნესებმა უნდა განახორციელონ შესაბამისი ზომები და სტრატეგიები, რათა სათანადოდ დახვდნენ ახალ გამოწვევებს.

ეროვნულ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ ახორციელებენ ინვესტიციებს,  შეუძლიათ ასევე მიიღონ სარგებელი გლობალიზაციის პროცესებში მონაწილეობით. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა უკვე ათეული წლების განმავლობაში ორიენტირებულია უცხოელი ინვესტორების მოზიდვაზე, ამასთან, მხარს უჭერს მცირე მოცულობით შიდა რესურსების ინვესტიციების  განხორციელებას საზღვარგარეთ. სხვა ქვეყნები მრავალ ბერკეტს იყენებენ, რომ ამგვარ ქმედებებს მხარი დაუჭირონ. გლობალიზაციის ეპოქაში ინვესტიციების ნაკადები უნდა მიდიოდეს ორივე მიმართულებით. ინვესტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ შესაფერის ადგილს ბიზნესისა და მისი ფორმირებისთვის. პოლონური კომპანიებისთვის კონტაქტების გაფართოებისა და გლობალური ბაზრების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები, მეტწილად, გლობალიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარების დონეზე არის დამოკიდებული.